IPSOS-ის კვლევამ აჩვენა, რატომ ამბობს უარს ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და რა შანსი აქვს ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში.
კვლევა პირდაპირ აჩვენებს, რომ ივანიშვილი ახლა მხოლოდ მაჟორიტარების იმედზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევნებს წააგებს.
ფრანგული კომპანიის გაკითხვის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 34% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" 29%, "ევროპულ საქართველოს" 10% "პატრიოტთა ალიანსს" 5%, ხოლო ლელოს, ლეიბორისტებსა და გირჩს 3-3%.
კვლევის შედეგებით კმაყოფილია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ხელისუფლება ამიტომ არის ისტერიკაში და ამიტომ არ სურს პროპორციული არჩევნები.
პოლიტიკურ პარტიებს არ უკვირთ, რომ პროდასავლური ოპოზიციას IPSOS-ის კვლევის თანახმად 55% აქვს, ხოლო ივანიშვილის ოცნებას მთლიანად 39%.
ოპოზციის ნაწილი კი ქართული ოცნების 34 %-ით უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ კვლევის მთავარ ტენდენციებს ეთანხმებიან, მაგრამ ივანიშვილის გუნდის რეიტინგი მათთვის დამაჯერებლად არ გამოიყურება.
ქართული ოცნება კი ტრადიციულად კვლევას არ ენდობა და აცხადებს, რომ 34% არარეალური ციფრია. ივანიშვილის გუნდს IPSOS-ის მიმართ პრეტენზიები არ აქვს, ისინი იმ კომპანიებს არ ენდობიან, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ.
ფრანგულმა IPSOS-მა კვლევა 27 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხულია 1500 მოქალაქე, ალოკაციის მეთოდით. კვლევის ცდომილება 2, 5%-ია.