
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახალი საკოორდინაციო საბჭო შექმნა. მან ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებებისა და უწყებების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ.
ასეთი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს, პუტინმა მიმდინარე კვირაში, უშიშროების საბჭოს სხდომაზეც ისაუბრა.
განკარგულების თანახმად, საბჭომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სახელისუფლებო ორგანოების მუშაობას არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მომარაგების საქმეში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს.
საბჭოს შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, მინისტრები, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და მოსკოვის მერი. სათავეში კი მას მთავრობის ხელმძღვანელი მიხაილ მიშუსტინი ჩაუდგა. თავად პუტინი საბჭოს შემადგენლობაში არ არის.