სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე განმარტავს, რატომ დააყენა მან საკუთარი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის კანდიდატად.
მურუსიძის თქმით, საბჭოს წევრის პოზიციიდან ის გასცემს პასუხს იმ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ ჟღერდება
"ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის შებღალვა და მისი დისკრედიტაცია. რადგანაც ისინი არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ჩემი პიროვნებით და ჩემი პიროვნების გამოყენებით ხდებოდა მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე სასამართლოს მოვაშორო ეს ტვირთი. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი, შესაბამისად, თუ ვინმეს გააკრიტიკებდნენ გამოვიდოდა და ჩემთან რა გინდათ, აგერ მურუსიძეა უარესი.
შუა საუკუნეებში ხომ ცეცხლზე წვავდნენ, ეს ხდებოდა ქრისტეს სახელით, მე დარწმუნებული ვარ, ვინც ამას აკეთებდა, ქრისტესი არ სწამდა. ახლა ამათ არ აქვთ ამის საშუალება, 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ვინც ჩამოდის უცხოელი იქნება, თუ შინაური, როდესაც საუბრობს კლანზე და ვთქვათ ასახელებს ჩემს სახელს და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, ეს არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენზე იძახის, რომ თქვენ ხართ კლანი და შესაბამისად პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ.
თუ ვინმე დახმარებია სასამართლო სისტემას, ერთადერთი ქვეყანა მახსოვს ვინც დაეხმარა, ეს იყო გერმანიაა. მე არ მგონია საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკელი ადამიანი იყოს, მაგრამ თუ რამე კარგი ხდებოდა ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც ამ დაძაბულობის ფონზე სჭირდება წახალისება, ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს. ხომ შეიძლება ერთი პროექტი დაფინანსდეს, რომელიმე არასამთავრობო გამოინახოს და უთხრან არასამთავრობოს, მოდი ფულს გადაგიხდი იმაში, გამოვკვეთოთ კარგი რა ხდება სასამართლოში", - თქვა ლევან მურუსიძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ მოსამართლე წევრს ირჩევენ - ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს.
ამავე თემაზე: