ოპოზიცია თანხმდება, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურია და რომ დღეს სააპელაციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მათი თქმით, ნიკა გვარამიას დაკავების მთავარი მოტივი კრიტიკული მედიების ჩახშობაა.
"სასამართლო სამართლიანი რომ არსებობდეს ქვეყანაში, ნიკა გვარამია დღეს პატიმარი არ იქნებოდა, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივი, ბანალურია, მაგრამ ეს ასეა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თუ არა დღეს მიღებული ივანიშვილის მხრიდან, ან როგორი იქნება, ამას ვნახავთ, მაგრამ ნიკა გვარამიას გათავისუფლება ამ რეჟიმს მოუწევს", - თქვა ნიკა მელიამ.
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმე პირდაპირ უკავშირდება ევროპულ პერსპექტივას. მისი თქმით, სამართლებრივი ლოგიკა რომ არსებობდეს, ნიკა გვარამია ერთი წუთითაც არ უნდა ყოფილიყო ციხეში.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის თქმით, ეს საქმე კიდევ ერთი დამატებითი გამოცდაა სასამართლოსთვის, თუ იქ კიდევ რამე შერჩენილია დამოუკიდებლობის.
"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი ნიკა გვარამიას გათავისუფლების, რადგან ხელისუფლება ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩიხში შეყვანას ცდილობს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება პირდაპირ ნიშნავს თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას. ის აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლოა, ამიტომ გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის ბოლო სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.