„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აცხადებს თბილისის მერი და ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს "პოლიტიკურ დღის წესრიგს" უწოდებს.
კალაძის თქმით, თუ რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, მისმა მოადგილემ განმარტება გააკეთა და გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს.
"გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე." ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე სწორედ ახლადრეაბილიტირებული და წინა დღეს გახსნილი ვაკის პარკის შადრევანმა იმსხვერპლა. ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ექიმებმა მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 9 პირი.