
"არ დაიმალება არაფერი და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის ადვოკატმა განაცხადა. ირაკლი გაბრიჩიძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
ცნობილია, რომ "ოცნების" დეპუტატის კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არც საქმის მასალებს გაცნობია და არც დაკავებული დავით კობალაძე უნახავს.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს თბილისში, საბურთალოზე დავით კობალაძე და მისი თანმხლები ორი პირი თავს სავარაუდოდ მათივე თანატოლს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაჭრაში ბრალდებულები
მხოლოდ მედიაში გასული ანონსის შემდეგ, 11 ივლისს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კობალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა და პოლიციას ჩაბარდა.
კობალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.