19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ALDE-ს წევრ პარტიათა ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა შეხვედრები ასევე შედგა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ევროკომისიის მიერ შედგენილ 12 პუნქტზე.
წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შემაჯამებელ მიგნებებს:
ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გააზრებული აქვთ რომ ქართული ოცნება მიმართავს სამ სტრატეგიას, რომლებიც (სამივე) განწირულია წარუმატებლობისთვის:
- გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება/გატანა და ამის შეფუთვა ისე თითქოს არსებობს 12 პუნქტის შესრულების პილიტიკური ნება. აქცენტი კეთდება ისეთ პუნქტებზე, რომელთა შესრულებაც ოცნების მიერ აღქმულია ნაკლებად პრობლემატურად ძალაუფლების დაკარგვის კონტექსტში;
- ვაჭრობა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან რომ ნაწილი პუნქტები ჩაითვალოს შესრულებულად, ხოლო ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირმა გამოიყენოს ‘რბილი’ მიდგომა და გარკვეული პროცესების ინიცირება ჩათვალოს მიღწეულ წარმატებად (12 პუნქტიდან უნდა შესრულდეს 12-ვე, და შესრულდეს სრულად); - ევროკავშირის შესაბამის, პასუხისმგებელ სტრუქტურებზე ‘გადახტომა’ და უმაღლეს დონეზე პოლიტიკურად ‘დალაგება’, რისი წარუმატებელი მცდელობაც უკვე ჰქონდა ქართულ ოცნებას ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებამდე.