სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის იანვარსა და მარტში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში მოქმედი 11 სოციალური საცხოვრისის მონიტორინგი განახორციელა. ომბუდსმენის თქმით, "ზოგან, საცხოვრებელი პირობები ღირსების შემლახავია, რიგ შემთხვევებში კი, მაცხოვრებელთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც".
კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
- მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ საცხოვრისებად გამოიყენება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობები, რომელთა ჩვეულებრივ საცხოვრებლებად გადაკეთება ვერ ხერხდება. შენობები რიგ შემთხვევებში ავარიულია, გარემო კი მცხოვრებთა ფიზიკური ან/და სომატური ჯანმრთელობისათვის არაკეთილსაიმედო. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა გორის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის სოციალურ საცხოვრისებში. ზოგიერთ საცხოვრისში შეინიშნება ნესტის, ობისა და სოკოს არსებობა, რაც, გარდა იმისა, რომ იწვევს ანტისანიტარიას და აზიანებს მცხოვრებლების ჯანმრთელობას, ქმნის მწერებისა და ქვეწარმავლების მომრავლებისთვისაც ხელსაყრელ გარემოს.
- ცალკეულ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მაცხოვრებელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით იქ, სადაც ბინები თაბაშირ-მუყაოს მასალით არის გატიხრული და ხმის იზოლაცია არ ხდება. მუდმივი ხმაური განსაკუთრებული პრობლემაა ორხევის საცხოვრისში, სადაც 262 ადამიანი ცხოვრობს. დერეფნული ტიპის მოწყობისა და თხელი კედლების გამო, მცხოვრებლებს დღე-ღამის განმავლობაში, მუდმივად ხმაურში უწევთ ცხოვრება.
- გადატვირთულობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ცალკეულ შემთხვევებში, სივიწროვის გამო, ოჯახის წევრები ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებენ (მაგ., რუსთავისა და ზუგდიდის სოციალური საცხოვრისები) ან იძულებულნი არიან, გაუსაძლის პირობებში განაგრძონ ცხოვრება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. სტუდიოს ტიპის საცხოვრისები, სადაც, ოჯახის წევრებს, მიუხედავად საჭიროებისა და შემადგენლობისა, ერთ ოთახში უწევთ ცხოვრება.
- ზოგიერთი საცხოვრისის მდებარეობა არ იძლევა აუცილებელ ობიექტებთან წვდომის შესაძლებლობას. კერძოდ, ოზურგეთის სოციალური საცხოვრისის შენობა ქალაქის გარეუბანში, ურბანულად განუვითარებელ გარემოში მდებარეობს. შენობამდე არ მიდის მოასფალტებული გზა, გეოგრაფიული წვდომის პრობლემაა აფთიაქთან და საავადმყოფოსთანაც. მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან ორხევისა და რუსთავის საცხოვრისის ბინადრებიც.
- შესწავლილი საცხოვრისებიდან არცერთია სრულად მისაწვდომი როგორც ეტლით მოსარგებლე ან/და მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისათვის, ისე, მხედველობის სირთულის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალური საცხოვრისის მთავარი შესასვლელი პანდუსითაა აღჭურვილი, თუმცა, საცხოვრისების უმეტესობაში ეტლით მოსარგებლე ადამიანისათვის შეღწევადი მხოლოდ შენობის პირველი სართულია.
- პრობლემურია საცხოვრისებში სოციალური მუშაკის ჩართულობა. საცხოვრისის ადმინისტრაცია და სოციალური მუშაკი მხოლოდ თბილისის სოციალურ საცხოვრისებშია.
აპარატის შეფასებით, სისტემურ გამოწვევად გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების დონეზე სოციალური საცხოვრისების სერვისში ჩართვის კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების არაერთგვაროვნება
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემები წლიდან წლამდე უცვლელია და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს.
ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით არსებული მოთხოვნებისა, საქართველოში ამ დრომდე არ შემუშავებულა საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არ არსებობს უსახლკარო პირის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცნება, უსახლკარობის პრევენციის მექანიზმები, ინფორმაცია უსახლკარობის მასშტაბებისა და ფორმების შესახებ.