"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას სახლში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე იმყოფებიან. ისინი ხახუბიას ოჯახის წევრებთან სახლში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში დილით გარდაცვლილი ნახეს. იარაღიდან გასროლის ხმა მისმა მეუღლემ გაიგო. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
წინასწარი ცნობით, ახლობლები მომხდარს დეპუტატის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებენ, მას შემდეგ რაც 2017 წლის მაისში, ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. მას პოლიციამ გზა გადაუკეტა, ირაკლი ხახუბიას შვილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
ირაკლი ხახუბია მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო ფოთის სამაჟორიტარო ოლქიდან. მისი გარდაცვალების გამო პარლამენტში დაგეგმილი ყველა შეხვედრა და ღონისძიება გადაიდო.