საპატრიარქო მედიის წინააღმდეგ. მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანო ჟურნალისტებს შეზღუდვებს უწესებს, "მთავარი არხის" მიმართ კი სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს. დღეს ჩვენი ჟურნალისტი საპატრიარქოში ბრიფინგზე არ შეუშვეს, მიზეზად კი 2 წლის წინანდელი მოვლენები დასახელდა. ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც სცადა საპატრიარქოს პოზიციის განმარტება, ამტკიცებს, რომ სწორედ 2 წლის წინ ჩვენი ჟურნალისტი ჩართული კამერით არაადექვატურად იქცეოდა საპატრიარქოში.
ასეთი ფაქტის არსებობას "მთავარი არხი" უარყოფს - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დისკრიმინაცია საპატრიარქოს მიმართ კრიტიკულ განწყობას უკავშირდება და ეს არა მხოლოდ "მთავარ არხს" ეხება. დღეს დაანონსებული შეზღუდვებიც სწორედ კრიტიკული მედიის კრიტიკული კითხვებიდან გამომდინარეობს და ჟურნალისტების ქცევას მღვდელმსახურები მხოლოდ საბაბად იყენებენ.