
უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ კიევი ამჟამად ემზადება ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ვიზიტისთვის.
პრისტაიკომ ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა და სწორედ მაშინ შეთანხმდნენ სუნაკის კიევში ვიზიტზე.
მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა სუნაკის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურად და გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.
"ვიცი, რომ ეს იყო ძალიან კარგი საუბარი, რომლის დროსაც ჩვენ შევთანხმდით, რომ რიში სუნაკი ეწვევა უკრაინას. კონკრეტულად როდის მოხდება ეს? ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე ჩვენს კოლეგებთან" - თქვა პრისტაიკომ
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი აზიური წარმოშობის პრემიერმინისტრია, რომელმაც თანამდებობა ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ დაიკავა.
მთავრობის მეთაურის რანგში პირველი გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა არ შეიცვლება.