სამხრეთით უკრაინამ არტილერიაში უპირატესობა მოიპოვა, შემცირდა რუსული დარტყმების ინტენსივობა - NYT

გამოქვეყნდა:

ამერიკული გამოცემა The New York Times წერს, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის წყალობით, უკრაინულმა არმიამ ქვეყნის სამხრეთ მიმართულებით საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა.

მედიის თქმით, უპირატესობა გამოიხატება ზუსტად მართვად რაკეტებსა და საარტილერიო ჭურვებში, ასევე ისეთი ხარისხის იარაღში, რომლის მსგავსიც რუსეთს არ აქვს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს უზრუნველყოფილია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან.

გარდა ამისა, სტატიის ავტორები წერენ, რომ უკრაინის მზარდი უპირატესობა არტილერიის თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავდება ზაფხულში არსებული სიტუაციისგან, როცა რუსეთმა უკრაინის პოზიციებს ნაღმმტყორცნებითა და და საარტილერიო ცეცხლით დაარტყა, რამაც მას ნელი პროგრესის შესაძლებლობა მისცა ხერსონის მიმართულებით.

უკრაინელი სამხედროები მედიასთან ჰყვებიან, რომ ახლა ხერსონის რეგიონში მხარეები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ჭურვებს ისვრიან, თუმცა უკრაინის დარტყმები არა მხოლოდ უფრო შორი მანძილის, არამედ უფრო ზუსტიცაა.

"ჩვენ შეგვიძლია მათთან მიღწევა, მაგრამ ისინი ჩვენამდე ვერ აღწევენ, მათ ასეთი იარაღი არ აქვთ", - უთხრა მედიას უკრაინის არმიის მაიორმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსული არმიის მხრიდან ცეცხლის ინტენსივობა სამჯერ შემცირდა, რაც საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, მედია აღნიშნავს, რომ ამერიკულმა M777 ტიპის ჰაუბიცებმა რუს სამხედროებს აიძულა მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზიდან უფრო შორს განეთავსებინა. მედიის თქმით, ცეცხლსასროლმა ძალამ სამხრეთში ბალანსი დაარღვია და უკრაინელებისთვის ხერსონის დაბრუნების მოლოდინი გაზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი