ანტიუკრაინული ლიტერატურა და მიმოწერა კირილთან - SBU-მ უკრაინაში ეპარქიები გაჩხრიკა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიროვოგრადისა და ალექსანდრიის ეპარქიები გაჩხრიკეს.

სპეცსამსახურის ცნობით, ეპარქიის ცალკეული წარმომადგენლები მონაწილეობენ იმ იდეოლოგიის გავრცელებაში, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს და აღვივებს რელიგიურ შუღლს.

ჩხრეკა ჩატარდა სასულიერო პირების საცხოვრებელ ადგილებშიც.

აღმოჩენილია კიროვოგრადისა და ნოვომიროროდის მიტროპოლიტის მიმოწერა მოსკოვის პატრიარქ კირილთან, ასევე ამოღებულია დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა, რომელთა ტექსტებიც წინასწარი შეფასებით შეიცავს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

SBU-ს წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ანტიუკრაინული მასალები აქტიურად ვრცელდებოდა სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს შორის იმ მიზნით, რომ გამართლებულიყო ყირიმის ანექსია და აგრესორი ქვეყნის სხვა ქმედებები.

ერთ-ერთი აღმოჩენილი წიგნის ავტორია ოდესის ეპარქიის ყოფილი მდივანი ანდრი ნოვიკოვი, რომელიც პრორუსული პოზიციის გამო 2014 წლიდან რუსეთში იმყოფება. ნოვიკოვი ამჟამად აქტიურად უჭერს მხარს საოკუპაციო ძალებს და საკუთარ ტელეგრამ არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ეწევა.

ყველა ამოღებული მასალა ექსპერტიზაზე გაიგზავნა. უშიშროების სამსახური მუშაობს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მუხლებით პასუხისმგებელი ყველა პირის გამოვლენაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი