
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა, რათა გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე.
მურუსიძემ თქვა, რომ პარტნიორებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ არამარტო იმ კუთხით, რომ "დააფინანსონ ის პროგრამები, რომლებიც აკრიტიკებს და ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ ამას არასამთავრობოები და ლანძღავენ სასამართლო სისტემას, არამედ, ასევე უნდა იყოს ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში კარგი რა კეთდება".
დეგნანი ამბობს, რომ გაგრძელდება ის პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მოსამართლეების ეფექტურ მუშაობას.
მქონდა პრივილეგია, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, სასამართლოს ყველა დონეზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის რეგიონებში. ყველა მათგანისგან მსმენია შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ და ჩვენ ასევე ამერიკელი მოსამართლეები ჩამოგვყავს აქ, რათა ტრენინგები ჩავატაროთ. ქართველი მოსამართლეებისგან ვიცი, რომ ისინი უფრო მეტი მსგავსი აქტივობით არიან დაინტერესებულები, მათ შორის უფრო მეტი ვიზიტებით ამერიკაში, მეტი ტრენინგებითა და გამოცდილებების გაზიარებით. ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები ასე ხვდებიან ერთმანეთს და უზიარებენ მოსაზრებებს, თუ როგორ უმკლავდებიან სხვადასხვა გამოწვევებს. ასე რომ,
ჩემი ინფორმაციით, ეს ტრენინგები და ვიზიტები ძალიან კარგად იქნა მიღებული მოსამართლეების მიერ და დიდი სარგებელი მოუტანა მათ." თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.
ცნობისთვის, აშშ-ში საქართველოდან მოსამართლეების ვიზიტების საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა.
15 ივლისს ლაშა ჩხიკვაძემ წერილი გაავრცელა, რომელშიც საქართველოში შეერთებული შტატები ელჩს მიმართავდა. წერილში ჩხიკვაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ საელჩომ ის აშშ-ში პროგრამიდან მოხსნა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო.
ბრალდებას კელი დეგნანმა 15 ივლისს უპასუხა და განაცხადა, რომ მართალი არ იყო.
ჩხიკვაძის განცხადების შემდეგ "ოცნების" ხელისუფლება აშშ-ის ელჩს თავს ესხმის და მისგან "პასუხებს მოითხოვს". აღნიშნულ რიტორიკას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას.