
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ესაუბრა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ტასის" ცნობით, ლავროვმა თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ მარცვლეულის ხელშეკრულების განახლება მხოლოდ კიევისგან "აუცილებელი გარანტიების" მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ლავროვმა თქვა, რომ რუსეთმა კიევისგან გარანტიები უნდა მიიღოს, რომ ჰუმანიტარულ კორიდორებსა და უკრაინულ პორტებს რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის არ გამოიყენებს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან არ გადის და მას დროებით აჩერებს. რუსეთის მხრიდან მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ამის მიზეზად კრემლმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე "თავდასხმები" დაასახელა.
უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა.