კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საკადრო წმენდა გრძელდება | სააგენტოს პასუხი თანამშრომლებს

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში თანამშრომელთა გათავისუფლების მეორე ეტაპი დაიწყო - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და ერთ-ერთ გათავისუფლებულზე, რესტავრატორ ანა შეროზიაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის სააგენტოდან გათავისუფლებულია ყველაზე ცოტა, 20 ადამიანი და "რეალურად ძველი თანამშრომლებიდან მხოლოდ მძღოლები დარჩნენ."

მისივე თქმით, სააგენტოდან ბოლო ორ დღეში გათავისუფლებულთა შორის არიან ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ისტორიკოსები.

გამოცემა წერს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლების გარდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი უარს ამბობს მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებზე.

მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით გაავრცელეს, განცხადება გამოაქვეყნა სააგენტომაც:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასრულდა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაწყებული ოპტიმიზაცია და მის შედეგად, მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა 5 რეგიონული დანაყოფი; სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედ მუზუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომია მიენიჭა.

კერძოდ, განვლილი პერიოდის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის რესურსი (რომლის უმეტესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი) საკმარისი არ არის როგორც სააგენტოს მიერ დაგეგმილი ან/და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილი კონტროლის, ისე - რეგიონებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის.

შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურს დაემატა 26 ახალი შტატი. ამ სამსახურში შეიქმნა რეგიონული დანაყოფები - იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის, სადაც გადანაწილდა 26 საშტატო ერთეული (17 ახალი შტატი, 9 - არსებული, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან).

ასევე, სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომიურობა მიენიჭა, როგორც სამუზეუმო, ისე საგანმანათლებლო კუთხით, რათა მათ მიერ საკუთარი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებით მართვის პროცესი გაუმჯობესდეს და უფრო ეფექტიანი გახდეს. სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმები/მუზეუმ-ნაკრძალები თავად შეიმუშავებენ და განახორციელებენ კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტულ პროგრამებს, სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციებს, ასევე, მოამზადებენ მუზეუმებთან/მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებულ შემეცნებით, სამეცნიერო, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებსა და ღონისძიებებს. მოცემული ცვლილება მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე მომუშავე პერსონალის მეტ პასუხისმგებლობასა და მუზეუმებისათვის მეტი უფლებების მინიჭებას.

შედეგად, სააგენტოს შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 268-ს, ნაცვლად 259 ერთეულისა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით. ხელფასი მოემატა შტატით გათვალისწინებულ 24 პოზიციას (საშუალოდ, 350 ლარით) და შტატით გათვალისწინებულ არც ერთ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1000 ლარზე ნაკლები, - წერს სააგენტო.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარში სააგენტოდან ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლეს. სააგენტოს გარდა, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ რეორგანიზაცია ჩატარდა ეროვნულ მუზეუმშიც, რომლის სისტემაში შემავალი მუზეუმებიდანაც ასევე 50-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი