
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება. ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში.
მან ასევე გაიხსენა, 15 ივნისს ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა და ისაუბრა რუსეთსა და ე.წ. რესპუბლიკას შორის „დამყარებულ კონტაქტებზე“. ამასთან, მისი თქმით, საინვესტიციო პროექტები წარმატებით ხორციელდება.
„ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის განხორციელებაში", - განაცხადა ლავროვმა კოლეგასთან შეხვედრაზე.