11:00 საათზე სააპელაციო სასამართლო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
უფლებადამცველები წინასწარ პროგნოზებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება ქვეყნისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
"დღეს ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას. არ მაქვს სურვილი, რომ პროგნოზები გავაკეთო, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბატონებზე, მერაბ ჯორბენაძეზე, ლაშა მაღლაკელიძესა და დავით მამისეიშვილზე - მათ უნდა იცოდნენ, თუ რამდენად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს ეს ტვირთი, თუკი ისინი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებენ", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
მედია მენეჯერები ამბობენ რომ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს შესაბამისად მხოლოდ მასზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა ნიკა გვარამია საპატიმროს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.