გადაყენებული მერები - დასავლეთ საქართველოს შემდეგ, სუს-ის გააქტიურებას აღმოსავლეთში ელოდებიან

გამოქვეყნდა:

მერის სავარძელი ამჯერად ხარაგაულში გათავისუფლდა. ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა ერთწინადადებიანი განცხადებით დატოვა.

თოფურიძე იმერეთის რეგიონში მესამე, ქვეყნის მასშტაბით კი მეშვიდე მერია, რომელიც ქალაქის პირველი პირის თანამდებობას დაემშვიდობა. პოლიტიკური განაჩენი ხარაგაულის მერს მისი დაბალი რეიტინგისა და უნდობლობის გამო გამოუტანეს. მის საქმიანობას დადებითად, მისივე თანაგუნდელებიც კი ვერ აფასებენ. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, რეგიონის პირველი პირები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნოდ ჩატარებულ შიდა კვლევას ეწირებიან.

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე პირველი იყო, ვისაც თანამდებობა დაატოვებინეს, მას ჯერ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიჰყვა, შემდეგ კი ონის მერი ემზარ საბანაძე. ესთაფეტა თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ გადაიბარა, შემდეგ კი თანამდებობა ბათუმის მერს დაატოვებინეს.

ლაშა კომახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა. კომახიძე ამ დრომდე სამსახურში არ დაბრუნებულა, თუმცა გადადგომას არ ადასტურებს.

ბათუმში ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კომახიძის თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირებასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ემსხვერპლა.

იმერეთის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები დარწმუნებული არიან, რომ ქალაქის თავკაცების სავარძლები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეწირება. მათივე ინფორმაციით გადაყენებული მერების შემცვლელად სანდო კანდიდატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამზადებს.

გადაყენებული მერები გადადგომის მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ. მათი უმეტესობა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად აკადემიური საქმიანობით დაინტერესებას, სწავლას ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ლილუაშვილის უწყების ხელი უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლებს. კასპის მერს თანამდებობა უკვე დაატოვებინეს, რიგში კი "მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, რუსთავისა და თელავის მერები დგანან. მათ "ოცნების" შიდა კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი რეიტინგი აჩვენეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი