
გიორგი შაქარაშვილის საქმის სავარაუდო გამყალბებელთა სიას ყოველდღიურად ახალი სახელები ემატება. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის უმოქმედობაზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძეა.
მცხეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, სავარაუდოდ, სწორედ მისგან მიიღო დირექტივა, რომ საბედისწერო ღამეს ეკიპაჟი შემთხვევის ადგილას მანამ არ მისულიყო, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდებოდა. სამხარეო პოლიცია ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაცემულ ბრძანებას დღესაც საგულდაგულოდ მალავს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ავთო ბილანიშვილის, იგივე ''კაწროს'' ნათესავია. თუმცა, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსისთვის დახმარება პირადად მას არ უთხოვია. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემის მოგვარება "კაწროს" მისმა გარემოცვის წევრმა დაჩი ბუაძემ სთხოვა, რის შემდეგაც ნახალოვკაში კარგად ცნობილმა ავტორიტეტმა საქმეში ბერა ივანიშვილი ჩართო. თავად ივანიშვილის ზარი დოკუმენტებში არ ჩანს, თუმცა მცხეთის პოლიციამ მოქმედება მითითებების შესაბამისად დაიწყო.
საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა საცხოვრებელი მისამართი 8 თვის წინ შეიცვალა. თეიმურაზ კუპატაძე ახლა არსად ჩანს და დეკლარაციითაც ერთ-ერთი ღარიბი მაღალჩინოსანია. რა როლი აქვს 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში, ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, საქმის მთავარ გამყალბებლად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტაგ გომელაურიც სახელდება. "მთავარის" ინფორმაციით, საქმის ჩაფარცხვის გამო მოწინააღმდეგეები მას გენერალურ ინსპექციაში ჰყავს, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, გომელაური პოზიციას მაინც არ ცვლის.
დაკავებული მორაგბეების მთავარი მფარველი იუსტიციის მინისტრია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ნიკა ჟვანია და არჩილ გაგნიძე საკანში პრივილეგირებულები არიან, ვინაიდან თეა წულუკიანის წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეები იყვნენ. მორაგბეებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მარჯვენა ხელი თავად ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროც" იყო.
იუსტიციის მინისტრი დღეს არსად გამოჩენილა, თუმცა არც წულუკიანის მოადგილის გამოჩენა ყოფილა მედიისთვის სასარგებლო. მიხეილ სარჯველაძემ კითხვებზე პასუხების გაცემას, როგორც ყოველთვის, ახლაც გაქცევა არჩია.
ტრაგიკული ისტორიის ბუნდოვანების გამო მრავალი შეკითხვა დაუგროვდა სახალხო დამცველსაც. ნინო ლომჯარია ჯერ ოჯახს შეხვდება, შემდეგ კი მთავარ პროკურატურას საქმის მასალების გადაცემას მოსთხოვს, რათა კითხვებზე პასუხები თავად მოიპოვოს.
საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი განმარტებების გაკეთება ვთხოვეთ, თუმცა, როგორც ყოველთვის, უწყებიდან კონკრეტულ შეკითხვებზე ვერც ზოგადი და ვერც კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. გაირკვა მხოლოდ ის, რომ დღის ბოლოს უწყებამ გამოკითხვაზე საქმის რამდენიმე ფიგურანტი დაიბარა.