განცხადებების მოწოდებებისა და გაფრთხილების მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დავალება ზედმიწევნით შეასრულა და ახლა სტრატეგიულ პარტნიორებს უტევს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" წითელი ხაზების გადაკვეთას არ პატიობენ.
პოლიტიკური განაჩენის გამოცხადებისთანავე კამერების წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა და შეეცადა დაერწმუნებინა საკუთარი მომხრეები, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
არადა სწორედ ევროპელი დეპუტატების მიერ არის მიღებული ის რეზოლუცია, რომელსაც კობახიძისთვის ჩალის ფასი აქვს და სადაც დაგმობილია მთავარი არხის დირექტორის პოლიტიკური პატიმრობა. თავისუფალი მედიაგარემო კი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყანა წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს.