მივმართავთ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით, გამოიყენოს შეწყალების უფლება ნიკა გვარამიას საქმეზე - სამადაშვილი ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მისამართ წერილს ამზადებენ. როგორც ინიციატივის ავტორმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და წერილის შინაარსი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ხელმოწერები შეგროვდება.

სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა სალომე ზურაბიშვილს რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენება ევროინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, როგორც სამადაშვილმა თქვა, დღეს ისაუბრებს ბრიუსელში, მიშელის კაბინეტთან და გააცნობს ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას:

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება შეწყალების თაობაზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. 

შესაბამისი გზავნილით, სადაც ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაზე, ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერი მიშელის შეთანხმებისა, იმ შეთანხმების, რომელმაც მთავარ ამოცანად დეპოლარიზაცია განსაზღვრა და რომლის შეთანხმებაშიც მონაწილეობდა მათ შორის უშუალოდ ქალბატონი პრეზიდენტი, გვსურს, რომ მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით მას და ვთხოვოთ, რომ გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. 

ასევე მზად ვართ, რომ შევხდეთ პირადად და გავაცნოთ  საკუთარი არგუმენტაცია, რატომ მიგვაჩნია დღეს ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად. 

ასევე ვგეგმავ, რომ დღეს მქონდეს კომუნიკაცია მიშელის კაბინეტთან ბრიუსელში, რომელსაც ასევე გავაცნობ ძალიან კონკრეტულად არგუმენტაციას, რატომ არის დღეს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა, მათ შორის შეწყალების გზით, მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა არ მივიღოთ." ამბობს სამადაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამია გუშინ, 2 ნოემბერს პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი