მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და ხაზგასმით წერს, რომ უსამართლო პატიმრობა დაუყონებლივ უნდა დასრულდეს.
"ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც აუცილებელია იმ დემოკრატიის ასაშენებლად, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას სასჯელი დაუმძიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
იმის გამო, რომ სასჯელი ერთმანეთს ემთხვევა, პატიმრობის ვადა არ იცვლება.