
რუსეთის ისტორიული და რუსული სამხედრო ისტორიული საზოგადოების აღდგენის მეათე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთში უკრაინელ ხალხს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ.
პუტინის აზრით, უკრაინაში ომი ერთი ერის შიგნით დაპირისპირებაა.
„რუსეთს თბილი დამოკიდებულება აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ, მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა“, - თქვა პუტინმა.
პუტინის გამოსვლის პარალელურად, კიევსა და უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.
პუტინმა უკრაინელ ხალხს "რუსების მიმართ სიძულვილის განზრახ სუბლიმაციის" მთავარი მსხვერპლი უწოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში უკრაინამ გაიარა "დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი, აშკარა ჩარევის გზა მის შიდა საქმეებში", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება გარდაუვალი იყო. „თებერვალში რომ არ გაგვეკეთებინა შესაბამისი ქმედებები, ყველაფერი იგივე იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის ყველაზე ცუდი პოზიციიდან“, - აღნიშნა მან.