პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა ვივა მედში, ისევ არ შეუშვეს. მან ზოგადი განმარტება მიიღო, რომ არ არის არც სააკაშვილის ოჯახის წევრი და არც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.
გარდა მიხეილ სააკაშვილისა, პოლონელ პოლიტიკოსს ნიკა გვარამიას მონახულებაც სურდა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი უთხრა.
"მოგესალმებით ამ განსაკუთრებული ადგილიდან, სადაც იმყოფება პატიმრობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი. როგორც იცით, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე.
ასევე ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის, ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე.
თვითონ ის ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი, ერთ ერთი დიდი ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, არცთუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ვწუხვარ, რომ მორიგი უარი მივიღე პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა საშუალება მენახა, რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა." თქვა მალგოჟატა გოშევსკამ ვივა მედთან გაკეთებულ განცხადებაში. [თარგმანი "ფორმულა"]
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც გოშევსკამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების თხოვნაზე უარი მიიღო.
პირველად მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტი ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, ხოლო მეორედ უკვე კლინიკა "ვივა მედში" ყოფნის დროს.