
დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსები თავდაცვის ხაზებს აწყობენ, მარცხენა სანაპიროზე კი სანაპირო ზოლს ნაღმავენ და მოსახლეობა გაჰყავთ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპანტები თხრილებში მალავენ ტექნიკას და საცეცხლე პოზიციებს აწყობენ.
"მტერი აქტიურ თავდაცვაშია და დაკავებული საზღვრების შენარჩუნებას ცდილობს. მარჯვენა სანაპიროზე ძალებითა და ტექნიკით მანევრირებს, თავდაცვის ხაზებს აწყობს, მარცხენა სანაპიროს ნაღმავს და მოსახლეობა გაჰყავს 15-კილომეტრიანი ზონიდან, თხრილებში ათავსებს ტექნიკას და საცეცხლე პოზიციებს აწყობს" - წერია ინფორმაციაში.
სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები, ოკუპანტების ლოჯისტიკურ ცენტრებზე და ტექნიკის თავმოყრის ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში დარტყმებს ახორციელებდნენ.
მათვე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ "ანტონოვის" ხიდის გასწვრივ მოწყობილი ალტერნატიული გადასასვლელი დაბომბეს.