
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ირანი იტყუება როცა ამბობს, რომ რუსეთს დრონების შეზღუდული რაოდენობა მიაწოდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა დღეში 10 ირანულ თვითმფრინავს აგდებს.
"დღეს იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ მიაწოდეს თვითმფრინავები რუსეთს ტერორისთვის. მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს.
ჩვენ ყოველდღე ვაგდებთ მინიმუმ ათ ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი ამტკიცებს, რომ მან, თითქოს, ცოტა რამ გაიღო სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. გუშინ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 11 "შაჰიდი" განადგურდა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი საერთოდ დუმს ამაზე.
თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევით გამოიძიებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტულ თანამშრომლობას და იმას, თუ რას უხდის რუსეთი ირანს ასეთი თანამშრომლობისთვის. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია, რომ რომელიმე ტერორისტი ან მათი თანამზრახველი დაუსჯელი დარჩეს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გუშინ, 6 ოქტომბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები გადასცა, თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატურა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე შეზღუდული რაოდენობით მიაწოდა.
მანამდე ირანი ცნობებს უარყოფდა. აშშ და მისი მოკავშირეები კი ამბობდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. ე.წ. კამიკაძე დრონების გამო, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციებიც დაუწესეს.
რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების ასობით დრონი გამოიყენა.