არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ერთობლივი წერილით მიმართავენ და შუამდგომლობას სთხოვენ, რათა მიმართოს სალომე ზურაბიშვილს და შეიწყალოს ნიკა გვარამია:
2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ამაზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი მოსაზრებებიც.
ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამია დღეს პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა და შევიწროვების მუდმივი ობიექტია.
ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს მისი დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე და კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ ველით, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში. ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება. საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით.
ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანი.
ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ." ნათქვამია მიმართვაში.
წერილს ხელს აწერენ:
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, 12-მა ევროპარლამენტარმა სპეციალური წერილით უკვე მიმართა.