ვინ არის გიგა ბუცხრიკიძე - ახალი ფიგურანტი შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

დაკითხვების ახალი სერია და ახალი ფიგურანტები გიორგი შაქარაშვილის საქმეში - ვინ არის გიგა ბუცხრიკიძე, რომელიც საგამოძიებო უწყებაში 19 ივნისის ღამით, მის ტელეფონზე განხორციელებული ზარის გამო დაიბარეს.

გიგა ბუცხრიკიძე 19 ივნისის ღამეს იმყოფებოდა მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბესიკ გობეჯიშვილთან, სულხან ბაყაშვილთან და მიშა ბეშიძესთან ერთად. ისინი ნახალოვკის მცხოვრებლები არიან. ბუცხრიკიძე გუშინ პირველად გამოიკითხა შს სამინისტროში. ოთხივე პირი მცხეთაში, არასრულწლოვნების წამოსაყვანად წავიდნენ, თუმცა მათ გზა აერიათ და ამიტომ ნატახტარში, ერთ-ერთ რესტორანთან გაჩერდნენ - ამის შესახებ წერია ბესიკ გობეჯიშვილის ჩვენებაში.

ადვოკატ მურმან ღურწკაიას ინფორმაციით, გიგა ბუცხრიკიძე, რომელიც ნახალოვკაში ცხოვრობს, ამბობს, რომ არ ახსოვს, ვინ იყო მის ტელეფონზე შესული ზარის ავტორი. თუმცა საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, ბუცხრიკიძეს არაგვის პირას მყოფი ერთ-ერთი პიროვნებისგან შეუვიდა სატელეფონო ზარი, რაც ტელეფონის დეტალური ამონაწერიდან ირკვევა. 

ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არც გიორგი შაქარაშვილს იცნობდა და არც ანა გაბეჩავას, რომლის დაბადების დღეც იყო 18 ივნისს. იგი იჯდა ტოიოტა ვიტსის მარკის ავტომობილში, რომელიც, სავარაუდოდ, ნახალოვკისკენ მცხეთისკენ მაშინ დაიძრა, როდესაც საქმეში მონაწილე სხვა მანქანები, კერძოდ, ქემრი და მერსედესი შემთხვევის ადგილიდან დაიძრნენ.   

დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე მათთვის ბრალის დამძიმებას კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან 109-ე მუხლით, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ და საქმეში ახალი მასალები მისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის ბრალის წარსადგენად არ არსებობს. 

შაქარაშვილის საქმით დაინტერესდა სახალხო დამცველიც, რომელმაც პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა, რაზეც პასუხად დასტური მიიღო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი