
პუტინის პირად მზარეულად წოდებულ, "ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წარუმატებლობისთვის შოიგუს დასჯა სურს.
როგორც ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ჟურნალისტები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დამნაშავეები არიან უკრაინაში რუსი სამხედროების წარუმატებელ ქმედებებში.
"ჩვენი ინფორმაციით, შედგა პრიგოჟინსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანტონ ვაინოს არაოფიციალური შეხვედრა, რომელზეც განიხილეს რუსების წარუმატებლობა უკრაინაში. პრიგოჟინი აგრძელებს დაჟინებით მოითხოვს შოიგუს პასუხისგებაში მიცემას. საუბრის მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს აზრები ომის მსვლელობაზე პუტინის ნეგატიური გავლენის შესახებ, რადგან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეუძლია პირადად შეცვალოს სამხედროების გეგმები და ჩაერიოს დაგეგმვის ტაქტიკურ დონეზე“, - ნათქვამია განცხდებაში.
გარდა ამისა, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი აღნიშნავს, რომ რუსეთი სწრაფად კარგავს სამხედრო პერსონალს, თუმცა კადიროველები სულ უფრო მეტ ძალას იძენენ. ასევე სწრაგად იზრდება "ვაგნერის"
ჯგუფიც, რომელიც ძირითადად მსჯავრდებულებითაა დაკომპლექტებული.
ცენტრი მიიჩნევს, რომ რუსული პოლიტიკური ელიტების დეგრადაცია რუსეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ფეოდალური ტრადიციების დაბრუნებას იწვევს, ამგვარად, რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი პოლიტიკური მოთამაშე საკუთარ პოზიციებს ამყარებს.