პირი, რომელიც თბილისში ქართველებს რუსულად აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილია - კოპილკოვი უკრაინაში რუსულ აგრესიას აფინანსებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილია.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა. ნიკა მელიას თქმით, პაველ კოპილკოვი საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს, ინციდენტის შემდეგ კი მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავეს.

მისი ინფორმაციით, კოპილკოვი ამჟამად უკვე თავისუფალია.

"ეს პირი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, აღმოჩნდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათი დააკავა და რამდენიმე საათშივე გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო.

პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან, სირიაში, ყირიმსა და უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში.

კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალეშერ უსმანოვის და იგორ შეჩინის, რომელზეც უკრაინაში ომის პირობებში ერთ-ერთ პირველებზე დაწესდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან", - თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ქვეყანაში კაპილკოვის შემოსავლაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და მათ მომხდარზე განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქე ქართველებს აგინებდა, სოციალურ ქსელში მთავარი არხის ჟურნალისტმა 5 ნოემბერს გაავრცელა.

პოლიციამ რუსი 6 ნოემბერს დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი