
უკრაინის ხელისუფლება სამინისტროების შემცირებას გეგმავს. მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ზელენსკი პრემიერ დენის შმიგალს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, იგეგმება არსებული 20 სამინისტროდან, 14-მდე შემცირება.
მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამთავრობო სამსახური გაერთიანდება ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის განვითარების სამინისტროში.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფუნქცია დაემატება კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს და დაერქმევა ევროინტეგრაციის, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო.
ეკონომიკის სამინისტრო, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო (ნაწილობრივ) და აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო გაერთიანდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტო (საჯარო სამსახური) და სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო (ნაწილობრივ) გაერთიანდება ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში.
უცვლელი სახით დარჩება ენერგეტიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შსს, თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო.
ასევე იგეგმება ე.წ. სამთავრობო ცენტრის გამოყოფა სამინისტროების სტრატეგიებისა და პროგრამების კოორდინაციისთვის. ის უშუალოდ პრემიერმინისტრს დაექვემდებარება.