შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველი ზეწოლაზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველი ზეწოლის შესახებ ალაპარაკდა - ნინო ლომჯარია არ აკონკრეტებს, ვის წინააღმდეგ და რა სახის ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა ამბობს, რომ ობუდსმენის აპარატი საქმის შესწავლაში ოფიციალურად ერთვება. ლომჯარიას თქმით, საქმის მასალებს მის აპარატს საგამოძიებო უწყება უახლოეს დღეებში გადასცემს, მანამდე კი სახალხო დამცველი უკვე შეხვდა 17-ივე დაკავეულს, ასევე გიორგი საქარაშვილის ოჯახის წევრებს.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის, რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაკავებული პირებისგან გარკვეული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვის ეხებოდა და ვისი მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან დაკავებულებისგან თანხმობა არ აქვს. 

იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია, რაც მათ მოგვაწოდეს და ეს ჩვენთვის არის საინტერესო და დავიწყებთ სხვადასხვა გარემოებების შესწავლას, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საგამოძიებო ორგანოებიდან ახალი მასალების მიღებას ელოდებიან. ამ მასალებში იქნება გურამ ამირხანაშვილის ახალი, მეხუთე ჩვენება, ასევე ექსპერტიზის დასკვნებიც. უფლებადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების შესაძლებლობას გამორიცხავენ.

ამ ეტაპზე, არ არსებობს ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ბრალის დამძიმება მოხდეს, დანარჩენი უკვე პროკურატურის სტრატეგიაა, რას მოიქმოქმედებს, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა უკვე დაადასტურა, თუმცა ლომჯარიამ ჯერჯერობით არ იცის, ეს ზუსტად როდის მოხდება.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი