ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი სხდომა ისევ უშედეგოდ დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ტრადიციულად ჩორჩანას გამშვები პუნქტის გაუქმებას მოითხოვენ, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს.
მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს 4 მოქალაქის გათავისუფლება იყო, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან და ოკუპანტები არარსებული საზღვრის კვეთას ედავებიან. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც ცხინვალის იზოლატორში უკვე 1 წელია "სასჯელს" იხდის.
გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს, გააპროტესტეს უკანონო ბორდერიზაცია. როგორც დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, IPRM-ის წინა შეხვედრიდან დღემდე, ასეთი 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
სუს-ი ასევე ადასტურებს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს. ანთაძის ინფორმაციით, ეს მოხდა სექტემბერში, როდესაც საქართველოს საჰაერო საზღვარი რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა გადმოკვეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ერგნეთში მორიგი შეხვედრა უკვე მომავალ წელს, 2023 წლის 19 იანვარს გაიმართება.