
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] დააკავა კრემლის რუპორი მედიასაშუალება Russia Today-ის უცხოელი ბლოგერი, რომელიც უკრაინაში ჩავიდა და ომის შესახებ, ფეიქ ინფორმაციებს ავრცელებდა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობისთვის იყო გამიზნული.
ჯამში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მტრის ოთხი ინტერნეტ აგიტატორი გამოავლინა, ჩერნიგოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. სწორედ მათ შორისაა უცხოელი ბლოგერიც.
ის საკუთარი მიზნებისთვის საკუთარ YouTube და Telegram არხებს იყენებდა, რომელთა საერთო გამომწერების რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებდა.
SBU -ს ცნობით, Russia Today-ის უცხოელი ბლოგერი თავის პოსტებსა და ვიდეოებში მხარს უჭერდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინაში და ამართლებდა ოკუპანტების სამხედრო დანაშაულებს მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ის მოუწოდებდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეეწყვიტათ უკრაინის დახმარება.
სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, სადაც მათი უკანონო საქმიანობისა და უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებების მტკიცებულებიც აღმოჩნდა.
გამოძიება მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლის, დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესაბამისი მუხლებით დაიწყო.