საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიღებული შეთანხმების შესრულებას ისინი გულდასმით მიადევნებენ თვალს - ამის შესახებ ოპოზიცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას აცხადებს.
ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური დევნა და გვყავს პოლიტპატიმარი. არის მოწოდება იმაზე, რომ შეწყდეს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და არჩევნების ჩატარება ძალადობის და მოსყიდვის გამოყენებით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომ გიორგი რურუას სახელი პირდაპირ არ არის მოხსენიებული და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მოთხოვნაში სწორედ მისი გათავისუფლება იგულისხმება.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ როდესაც ამ დონის დოკუმენტში ჩნდება მსგავსი ჩანაწერი, ქვეყნისთვის, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, ამ ქვეყნის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ძალიან მძიმე შეფასება.
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს, რომელსაც ჰქონდა კარგი დინამიკა, აი ასე საუარესოდ შემოუტრიალა მმართველმა პარტიამ, - დასძინა მან.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, არსად არის ნახსენები პოლიტპატიმრები და გიორგი რურუას გვარი.
ევროპარლამენტარების ვორდინგში ვერ აისახებოდა ვერც პოლიტპატიმარი და ვერც კონკრეტული სახელი და გვარი, რადგან ეს არის მხოლოდ ნაცმოძრაობის ინტერპრეტაცია. გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც საუბარი იყო მართლმსაჯულებაში ჩაურევლობაში, რომლის მონათვლაც სცადეს სხვანაირად, 180 გრადუსით მოტრიალებულად და ეს მათი პიარული, თავხედური სვლა არ გავიდა, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებულია აქ არსებული ვითარებით.
მთლიანად ის შესწორებები, რაც შევიდა, არის კატასტროფული საქართველოსთვის, განაჩენი ქართული ოცნებისთვის, - ამბობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შესახებ ანგარიში პირველი მოსმენით საგარაო კომიტეტმა უკვე მიიღო, ხოლო საბოლოოდ ამ დოკუმენტს სექტემბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ, სადაც კიდევ ერთი მსჯელობა გაიმართება.