
ენმ-ს თავმჯდომარედ შიდაპარტიულ არჩევნებში, საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მუმლაძე. სამოქალაქო აქტივისტი ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქით ავრცელებს და ითხოვს, მისი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში. მუმლაძე დებატებში მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იწვევს და მას "უუნაროს" უწოდებს:
გადაწყვეტილება მიღებულია!
ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში!
ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!
ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!
მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის
არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!
პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!
ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!" წერს გიორგი მუმლაძე და ენმს მიმართავს, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!
ენმ-ს თავმჯდომარეობის სურვილს გამოთქვამს გიორგი ჩალაძეც, სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა.