
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. როგორც მთავარ არხს წყარო უყვება, კვლევა სავარაუდოდ, უკავშირდება იმ დიაგნოზს, რომელიც მანამდე ექიმებმა ახსენეს.
საუბარია ტუბერკულოზზე - როგორც ცნობილია, ტუბერკულინის ტესტმა სუსტი დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ამ დაავადების კერა არსებობდეს.
რაც შეეხება რატომ გახდა საჭირო მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა - კლინიკა ვივა მედის კლინიკური დირექტორი განმარტავს, რომ ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
კვლევის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, დღის ბოლოს კონსილიუმი შეიკრიბება და შედეგებზე იმსჯელებს.
"ეს არ იყო დაუგეგმავი კვლევა, იყო ჩვეულებრივი კვლევა გარკვეული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით. ვინაიდან ჩვენს კლინიკაში ტექნიკური ხარვეზი იყო, მოხდა მისი რამდენიმე საათით გადაყვანა და შემდეგ უკან დაბრუნება. არის დაავადებები, რომლებიც ან უნდა დავადასტუროთ ან უარვყოთ. რა თქმა უნდა, ამ კვლევის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. იმ გარემოდან გამომდინარე, რომელშიც იმყოფება ბატონი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან, სტრესულ რეაქციებთნ მისი მხრიდან - ამაზე არაერთმა სპეციალისტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ადაპტაციური აშლილობა, იმიტომ რომ სანამ ეს გარემოება იქმნება, ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე.
მისი ჯანმრთელობის მდომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუნდაც იმ კუთხით, რომ გრძელდება ტემპერატურული რეაქციები და დამერწმუნეთ, რომ კლინიკაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კეთდება ყველა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც მას სჭირდება", - თქვა ზურა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე მოინახულებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი