
უკრაინის მხრიდან ქალაქ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის დროებით დედაქალაქად გენიჩესკი დაასახელა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, გენიჩესკში, ხერსონის "დროებით დედაქალაქში" ე.წ. ხელისუფლების მთავარი ორგანოები განლაგდა.
ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ უკრაინული დროშა ხერსონის ცენტრში ფრიალებდა. მოგვიანებით უკრაინელი ჯარისკაცების ქალაქში შესვლის ვიდეოკადრები პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გაავრცელა.
მანამდე, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.
რუსეთმა ხერსონი ომის დაყებიდან მალევე , მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი იქ რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა.
ხერსონის გათავისუფლებას გუშინ უკრაინას მსოფლიო ლიდერები ულოცავდნენ. მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთავრობიდან ზურაბიშვილი ერთადერთია, ვინც უკრაინას მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა.