თბილისის ცენტრში 10 ათას კვ/მ ფართობს მწვანე ზონის სტატუსი ჩამოართვეს და კორპუსების მშენებლობას იწყებენ

გამოქვეყნდა:

ქალაქის ცენტრალურ უბანში, 10 ათას კვადრატულამდე გამწვანებულ ტერიტორიას მალე სამშენებლო ტექნიკა დაიკავებს. ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონში, სარაგბო მოედნის მეზობლად, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად ყველაფერი მზად არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია წლების წინ შპს "გამწვანება 94-ს" ეკუთვნოდა, თუმცა ახლა გაირკვა რომ სარეკრეაციო სტატუსით მიწა 5 თვის წინ შპს "ჰაუს არტ დეველოპმენტმა" შეიძინა. 

მწვანე ზონისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით თბილისის მერიაში განაცხადი რამდენჯერმე შევიდა. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს კომპანიის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ, თუმცა ახლა თბილისის მერმა საკრებულოს უკვე მიმართა რომ მწვანე სივრცეს საცხოვრებელი ზონა 6-ის სტატუსი მიენიჭოს. კახა კალაძე საკუთარი ხელმოწერით ცვლილებას 10 000- კვადრატულ მეტრამდე ფართობისთვის ითხოვს. 

საკრებულოს ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" კალაძის ნების წინააღმდეგ წასვლა ვერავინ გაბედა. უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი და ამ ტერიტორიას დღეიდან სარეკრეაციო ზონა აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ სარაგბო სტადიონის გვერდით მწვანე სივრცე სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა  

ნუცუბიძის მოსახლეობისთვის გამწვანებულ ტერიტორიას ახლა ერთი ჩინოვნიკის ოჯახი დაეპატრონა. ადგილი სადაც კომპანია "ჰაუსარტ დეველოპმენტი" მალე საცხოვრებელი კორპუსებს ჩადგამს, კონკრეტული სახელი და გვარი იკვეთება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი ავთანდილ მახარობლიშვილია, ახალგაზრდა ბიზნესმენის ძმა კი იმ უწყების გავლენიანი მაღალჩინოსანია რომელსაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა აბარია. ვახტანგ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, ძმამ კი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი იმაზე დაბალ თანხად შეიძინა, ვიდრე ახლა ამ ტერიტორიას ახალი სტატუსით ექნება, სწორედ ამიტომ ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამ სქემის უკან დიდი კორუფციული გარიგება იკვეთებოდეს. 

ნუცუბიძის ქუჩაზე სამშენებლო ტერიტორიის ადგილზე დღეს "მთავარს" კომპანიის დარაჯი დახვდა. რაც გაირკვა რომ რეპორტაჟი კორუფციულ გარიგებაზე ამზადებდა, ტერიტორია გადამღებ ჯგუფს აგრესიულად დაატოვებინეს, კომენტარი კი უკანონო გარიგების შესახებ კომპანიაში არ გააკეთეს. საუბარს დუმილი ამჯობინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი