არანაირ მატებასთან კავშირი არ გვაქვს, პირიქით, ნაკლებია - ბერაია რუსეთიდან შემოსულებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა დასრულდა. სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინას განიხილავდნენ, მას დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ, თუმცა მედიის კითხვებს არც ერთმა უპასუხა.

ჟურნალისტებს შეკითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ჰქონდათ. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ირაკლი ბერაიას მტკიცებით, რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა შესაბამისი სამსახურების მიერ კონტროლდება.

"არანაირ უკონტროლო შემოდინებას ადგილი არ აქვს. თქვენ რომ გადახედოთ პანდემიამდელ სტატისტიკურ მონაცემებს და მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, არანაირ მატებასთან კავშირი არ გვაქვს, პირიქით, ნაკლებია და საქმე გვაქვს მოქალაქეების ჩვეულებრივ მობილობასთან.

რაც შეეხება უცხოელი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის პროცესს, ყველაფერი კონტროლდება. საქართველოს შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, ვინც მომატებული საფრთხისშემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ისინი ჩვენ ქვეყანაში შემოსვლას ვერ ახერხებენ", - თქვა ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება უსაფრთხოების კონცეფციას, ბერაიას თქმით, მისი განახლების პროცესი დასკვნით ფაზაშია და როგორც კი ის დასრულდება, ის პარლამენტს წარედგინება.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ, დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა. მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი