ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ბედით "ქართული ოცნება" არ ინტერესდება. ამ წუთებში სოფელ მეჯვრისხევში ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს. ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 47 წლის მღებრიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხვალ გზას გადაკეტავენ, თუ არ გაეცემა პასუხი სამ კითხვას: სად იმყოფება გატაცებული, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება ის ოჯახს.
გატაცებიდან 11 დღე გავიდა, თუმცა ოჯახს არც მთავრობა და არც ოკუპანტები არ დაკავშირებიან.
არავინ არაფერს არ გვაგებინებს. არც მთავრობა, არც არც პოლიცია, არანაირი ხელისუფლება... თუ გვყავს, ხელისუფლება, მხოლოდ დამხოლოდ არჩევნებისთვის გვყავს, რომ ავირჩიოთ და ისხდნენ სკამებზე, - ამბობს ოჯახის წევრი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები საოკუპაციო რეჟიმთან.