
ხერსონის ოლქის ნაწილიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, ჯარებს სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში გადაიყვანს - იტყობინება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
ISW ვარაუდობს, რომ ამის გამო, სამხედრო ოპერაციები რეგიონის დასავლეთში, ბახმუტისა და დონეცკის გარშემო, შესაძლოა უფრო ინტენსიური გახდეს.
შეგახსენებთ, უკრაინა რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე ზაფხულის ბოლოს გადავიდა. უკვე ოქტომბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონის რაიონში 80-ზე მეტი დასახლება ჰქონდათ გათავისუფლებული.
9 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე.
1 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით უკრაინის დამცველებმა რეგიონში გაათავისუფლეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი. უკვე 11 ნოემბერს უკრაინელი ჯარისკაცები შევიდნენ ხერსონში, რომელიც ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან იყო ოკუპირებული.