
"ვინც რამდენიმე მედიის დაყაჩაღებაში არის მთავარი მონაწილე ფიგურანტი, შეიძლება თუ არა ის მედიაზე მოძალადე მედიათავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდეს? საზოგადოებას აქვს ეს კითხვები" - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
ქადაგიშვილმა აღნიშნული კომენტარი ევროპარლამენტარების ნაწილის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ისინი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ.
დეპუტატის თქმით, იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ, მისი დანაშაულებიც უნდა აღიარონ.
"მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ის ევროპარლამენტარები, აღიარებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მის პოლიტიკურ გუნდს „რუსთავი 2“ ჰქონდათ წართმეული, დაყაჩაღებული და სტრასბურგის სასამართლომ ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა? აღიარებენ იმას, რომ ის 7 მილიონი, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ კანონიერ მფლობელთან დაბრუნებული „რუსთავი 2“-დან გაიტანეს და გაძარცვეს იმიტომ, რომ მფლობელს მაქსიმალურად ცარიელი ლოგო დაბრუნებულიყო, აღირებენ ამას? თუ პირდაპირ უგულებელყოფენ საქართველოს კანონსაც, სასამართლოსაც, საზოგადოებრივ აზრსაც და ჯიუტად მოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მათი პოლიტიკური პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონების გათავისუფლებას სჭირდება. თუ ისინი თვლიან, რომ ეს დანაშაულები ჩადენილია, შესაბამისი შეფასება გააკეთონ და მერე სთხოვონ პრეზიდენტს, რომ ამ ადამიანის შეწყალება მოხდეს... ანალოგიურად ეხება ეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასაც," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლობით ევროპარლამენტარები საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენენ, არამედ პოლარიზაციის გამღვივებლებად გვეჩვენებიან.
ეს კითხვები ალბათ იქ, ამ ადამიანების კაბინეტებში სიღრმისეულად არ განიხილება, ზედაპირზე მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ეს დაუოკებელი ჟინია, ამით ისინი საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენდნენ, საქართველოში პოლარიზაციის გამღვივებლებად გვეჩვენებიან, ამიტომ, ჯერ ამაზე თქვან პასუხი!“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.