
ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ღარიბაშვილი ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ ევროპულ გზაზე ყველა შედეგი "ქართული ოცნების დამსახურებაა". გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ისევ წარსულსა და წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა ის "დიქტატორულ რეჟიმად" მოიხსენია და თქვა, რომ 2012 წლიდან მთავრობამ "ძალიან მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დადო".
"რაც ჩვენი მტავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურება, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალო ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვუტანეთ და ეს არ იყო შემთხვევითიო, რა თქმა უნდა ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი სამუშაოო, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში გასწია.
მინდა შეგახსენით, რომ 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით პრაქტიკულად დიქტატორული რეჟიმის, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არანაირი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა - არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო, 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო, ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ჩვენ ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში", - თქვა მან.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა მედიასთან ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ პროცესში ოპოზიცია ჩართული არ არის.
"მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი ამ პროცესში ჩართული არაა. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ამ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის. მას შემდეგ რაც ჩვენ 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი - ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს იქვე ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველა ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში", - თქვა ღარიბაშვილმა.