
რუსეთმა დიდწილად ამოწურა ზუსტი მართვადი იარაღის სისტემების მარაგი და, სავარაუდოდ, იძულებული იქნება შეანელოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, - ამბობენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები.
გუშინ რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 100 ერთეული Kh-101 და Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს უკრაინული სამიზნეების დასაბომბად, უმთავრესად კი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით.
უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს კიევს, ასევე რივნის, ჟიტომირის, ლვოვის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას, ოდესას, კიროვოგრადის, ჩერკასის, ვოლინის და ხარკოვის რეგიონებს.
რუსულმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს მათი დარჩენილი ზუსტი მართვითი იარაღის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი კოორდინირებული სარაკეტო დარტყმების დროს, 15 ნოემბერს",- ამბობენ ISW-ში.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 73 რუსული საკრუიზო რაკეტა და ყველა დრონი.
ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავების პროცენტული მატება აჩვენებს საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის გაუმჯობესებას ბოლო ერთი თვის განმავლობაში. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ეს გაუმჯობესება დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობას დაუკავშირა.
ISW თვლის, რომ რუსული ძალები მნიშვნელოვნად ამცირებენ ზუსტი მართვადი იარაღის მარაგს და რომ რუსეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს შეანელოს თავისი კამპანია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამავდროულად, ექსპერტების თქმით, რუსული სარაკეტო დარტყმები კვლავაც უქმნის საფრთხეს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.