
12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დაგეგმილი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით სრულიად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭო/ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციების გათვალისწინება - ამის შესახებ საერთო განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები, "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებენ.
ორგანიზაციებმა ერთობლივად შეისწავლეს პარლამენტის მიერ 2022 წლის ოქტომბერში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები და დაასკვნეს, რომ უცვლელად რჩება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც მოქმედი კანონით საპარლამენტო საქმიანობასთან გაუმართლებლად არის დაკავშირებული.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ერთი პუნქტი, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვასთან დაკავშირებით, საერთოდ არ ყოფილა ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კანონპროექტი ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ, უკეთესად რეგულირდება საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების საკითხი, იზრდება საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადა, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში სავალდებულო ხდება ამომრჩევლის მარკირება, მცირდება პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვარი.
თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება. მაგალითად, უცვლელად რჩება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის მანკიერი წესი, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც მოქმედი კანონით მათ საპარლამენტო საქმიანობასთან გაუმართლებლად არის დაკავშირებული. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვას, რამაც პოტენციურად დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს არჩევნების მიმართ ნდობის ზრდის თვალსაზრისით. თუმცა, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ეუთო/ოდირის და
ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა. ამ კუთხით, განსაკუთრებულად პრობლემურია ის, რომ კანონპროექტი ზედმეტად ზოგადად აწესრიგებს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების წესს, ხოლო სხვა არსებითი საკითხების გადაწყვეტას კანონმდებელი მთლიანად ცესკოს ანდობს.- ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.