
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას საბოტაჟის ფონზე უწევს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა. მისი აზრით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეინის ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, ოპოზიციამ აჩვენა როგორია ტაქტიკა "საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად".
"გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში აჩვეენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. გუშინ მათ ფაქტობრივად ღია ეთერში გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად, პირველი, საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, მეორე, ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე და მესამე, საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის.
ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ გაზაფხულზეც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი წყდებოდა. თუკი ვინმეს შინ და გარეთ აქამდე კიდევ ეპარებოდა ეჭვი, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებამ გუშინ, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დაადასტურა, თუ რატომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და რატომ არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს, რატომ ცდილობენ, ჩაშალონ ომბუდსმენის არჩევის პროცესი. ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა", - თქვა მდინარაძემ.
მისი აზრით, "ოპოზიციაზე და ენჯეოსექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო", ოპოზიციის "რადიკალური ნაწილი" ევროინტეგრაციის პროცესს საბოტაჟით პასუხობს, ნაწილს კი გამბედაობა არ ჰყოფნის ენმ-სა და "მისი ენჯეოების მიერ დადგენილ ტრენდს აცდეს".