
რუსეთის დელეგაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უნდა ჩატარდეს, ვიზაზე უარი ეთქვა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბარბარა ბარტუსმა, რუსი პარლამენტარების მხრიდან, ვიზების თხოვნის საპასუხოდ, განაცხადა, რომ "ვერ ხედავს ასეთ შესაძლებლობას".
მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ აგრესია სახელდება.
"სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელისგან, ქალბატონი ბარტუსისგან, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს, რომ ვერ ხედავს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის შეხვედრაში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი.
იმის გამო, რომ რუსეთი სხდომას ვერ დაესწრება, დელეგაციამ წინასწარ გაუგზავნა განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებს, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის ნებისმიერ ცვლილებას.
სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.