9 თვეში "ოცნებას" 666 000 ლარი შესწირეს, "ალტ-ინფოს" "კონსერვატიულ მოძრაობას" - 393,611 - იხილეთ შემომწირველები

გამოქვეყნდა:

1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ 1,994,073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

როგორც მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის პერიოდში, ყველაზე დიდი ოდენობით შემოწირულება, 666 ათასი ლარი, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მეორე ადგილზე "ალტ-ინფოს" დაარსებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობაა" - 393,611 ლარით. მესამე ადგილს კი, პარტია "ლელო საქართველოსთვის" იკავებს - 370,600 ლარით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მმართველი პარტიის შემომწირველების ანალიზსაც გვთავაზობს და წერს, რომ იმ ადამიანების ან ბიზნესჯგუფების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" თანხა შესწირეს, ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან არიან დაახლოებულები.

"ნატო ხაინდრავამ, ზურაბ გოგუამ და გოჩა ჩიკვილაძემ ერთ და იმავე დღეს ჯამში 100 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან „სს ქართუ ბანკთან“ და „სს ქართუ ჯგუფთან“. ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.

ერთ და იმავე დღეს შესწირეს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ. ნამორაძე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, ის სამშენებლო ბიზნესს ეწევა. მისი სახელი ბიზნესმენ დავით კოდუას მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, 2014 წელს, როდესაც ის სასამართლომ გირაოს გადახდის გზით გაათავისუფლა. ნამორაძეს უკავშირდება, აგრეთვე, თბილისში თაბორის მთაზე არსებული ვრცელი ტერიტორიის პრივატიზებისთვის მომზადება. ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში „ქართული ოცნებისთვის“ 170 000 ლარი აქვთ შეწირული," - წერია დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევაში სხვა შემომწირველებზეც საუბრობს და ცალკე გამოყოფს საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს. TI-ს ინფორმაციით, მან "ქართულ ოცნებას" 10,000 ლარი შესწირა. გასულ წლებში მას 12-ჯერ აქვს მმართველი პარტიისთვის სასარგებლო შემოწირულება გაღებული, რაც ჯამში 57,185 ლარს შეადგენს.

ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი